ბიზნესის ფარული ხარჯები: სად იკარგება ფული და რესურსები?

CERMA Knowledge Hub | ცირკულარული ეკონომიკა პრაქტიკაში

ბიზნესმა, როგორც წესი, ზუსტად იცის, რამდენს ხარჯავს ნედლეულზე, ენერგიაზე, წყალზე, შეფუთვასა თუ ტრანსპორტირებაზე. თუმცა ხშირად შეუმჩნეველი რჩება უფრო მნიშვნელოვანი საკითხი: შეძენილი რესურსის რა ნაწილი ქმნის რეალურ ღირებულებას და რა ნაწილი იკარგება პროცესში ისე, რომ კომპანიას დამატებით ხარჯად უბრუნდება?

წუნდებული პროდუქტი, გამოუყენებელი ნედლეული, ზედმეტი მარაგი, საკვების ნარჩენი, არასაჭირო შეფუთვა, არაეფექტიანი ტრანსპორტირება ან წყლისა და ენერგიის ზედმეტი მოხმარება ყოველდღიური საქმიანობის ჩვეულებრივ ნაწილად შეიძლება აღიქმებოდეს. სინამდვილეში კი თითოეულის უკან კონკრეტული ფინანსური და რესურსული დანაკარგი დგას.

 

ნარჩენის რეალური ღირებულება მხოლოდ მისი გატანის საფასური არ არის

წარმოვიდგინოთ საწარმო, რომელმაც 100 კგ ნედლეული შეიძინა, მაგრამ წარმოებაში მხოლოდ 90 კგ გამოიყენა. თუ დარჩენილი 10 კგ წუნდებული პროდუქტის, ჩამონაჭრის ან სხვა ნარჩენის სახით დაიკარგა, კომპანიამ დაკარგა არა მხოლოდ მასალაში გადახდილი თანხა. ამ დანაკარგში აისახება ის ღირებულებაც, რომელიც მასალას წარმოების სხვადასხვა ეტაპზე დაემატა. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ არა მხოლოდ რამდენ ნარჩენს წარმოქმნის ბიზნესი, არამედ რამდენი უჯდება ეს დანაკარგი რეალურად.

ამის შესაფასებლად გამოიყენება Material Flow Cost Accounting (MFCA) — მასალების ნაკადებისა და ხარჯების აღრიცხვა, რომელიც ISO 14051 საერთაშორისო სტანდარტითაა განსაზღვრული. კომპანია აკვირდება, რამდენ რესურსს იყენებს, მისი რა ნაწილი გარდაიქმნება პროდუქტად, რა ნაწილი იკარგება და შემდეგ ამ დანაკარგის რეალურ ღირებულებას ითვლის. ასე ხილული ხდება ხარჯები, რომლებიც ჩვეულებრივ ანგარიშებში ცალკე პრობლემად შეიძლება არც ჩანდეს.

 

სად უნდა ვეძებოთ დანაკარგი?

1. ნედლეულსა და წარმოებაში

ჩამონაჭრები, წუნი, დაზიანებული მასალა, არასწორი დოზირება ან წარმოებისას დარჩენილი ნედლეული ფინანსური დანაკარგის წყარო შეიძლება იყოს. ამიტომ კითხვა „რამდენი ნარჩენი გვაქვს?“ საკმარისი არ არის. უფრო მნიშვნელოვანია ვიცოდეთ: შეძენილი ნედლეულის რა ნაწილი იქცა გასაყიდ პროდუქტად? თუ კომპანიამ ერთ თვეში 10 ტონა მასალა გამოიყენა, მაგრამ საბოლოო პროდუქტში მხოლოდ 8.5 ტონა აისახა, დარჩენილი 1.5 ტონა უკვე შესასწავლია — სად დაიკარგა, რატომ და შეიძლებოდა თუ არა ამის თავიდან აცილება? ასეთ კითხვებზე პასუხი ხშირად რესურსების უფრო მდგრადად მართვის პრაქტიკულ გზებს აჩენს.

2. დახარჯულ ენერგიასა და წყალში

თუ ენერგია და წყალი იხარჯება პროდუქტზე, რომელიც შემდეგ წუნდებულია, დაზიანდა ან ვერ გაიყიდა, მასთან ერთად მის წარმოებაზე დახარჯული რესურსის ღირებულებაც იკარგება. ამიტომ საერთო გადასახადთან ერთად სასარგებლოა ვიცოდეთ, რამდენ ენერგიასა და წყალს ვხარჯავთ ერთი ერთეული პროდუქტის წარმოებაზე. თუ წარმოების მოცულობა უცვლელია, მაგრამ ეს მაჩვენებელი იზრდება, არაეფექტიანობის მიზეზი უნდა ვეძებოთ პროცესში.

3. მარაგებსა და შესყიდვებში

ვადაგასული პროდუქტი, გადაჭარბებით შეძენილი ნედლეული, დაზიანებული საქონელი ან მასალა, რომელიც თვეების განმავლობაში გამოუყენებლად დევს, ფაქტობრივად გაყინული ფულია. დასაწყისისთვის საკმარისია ერთი კითხვა: რა გვაქვს საწყობში ისეთი, რაც ბოლო 6–12 თვის განმავლობაში არ გამოგვიყენებია? შემდეგ კი ღირს დათვლა, რამდენი თანხაა ასეთ მარაგში დაბანდებული.

4. საკვების ყოველდღიური დანაკარგი

სასტუმროებსა და რესტორნებში ეს პრობლემა განსაკუთრებით თვალსაჩინოა. WRAP — ნარჩენებისა და რესურსების სამოქმედო პროგრამისა და World Resources Institute (WRI) — მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის კვლევამ აჩვენა, რომ სასტუმროებში საკვების ნარჩენის შემცირებისთვის დახარჯულ ყოველ 1 დოლარზე საშუალოდ 7 დოლარის ეკონომიკური სარგებელი მიიღეს.

მიზეზი მარტივია: გადაყრილი საკვების ღირებულება მხოლოდ მისი შესყიდვის ფასით არ შემოიფარგლება, არამედ  მის შენახვის, მომზადებისა და მომსახურების  რესურსია დამატებითი ხარჯი. თუ საკვები საბოლოოდ ნარჩენად იქცა, ამ ხარჯების ნაწილიც ფუჭადაა გაწეული, ამიტომ ნარჩენის შემცირება ერთდროულად რამდენიმე ხარჯს ამცირებს.

პრაქტიკული ცვლილება გაზომვით იწყება. რესტორანს შეუძლია ერთი კვირის განმავლობაში ცალ-ცალკე აღრიცხოს, რამდენი საკვები იკარგება მომზადებისას, რამდენი ფუჭდება შენახვისას და რამდენი რჩება სტუმრების თეფშებზე. ამის შემდეგ მიზეზიც უფრო მკაფიო ხდება: ზედმეტად დიდი პორციებია? საჭიროზე მეტი მზადდება? შესყიდვები არასწორად იგეგმება? კონკრეტული კერძი ხშირად რჩება? ასეთი აღრიცხვა ბიზნესს აჩვენებს, სად არის მიდგომის შეცვლა საჭირო.

 

მარტივი პრაქტიკა: გაზომეთ დანაკარგი ერთი კვირის განმავლობაში

აირჩიეთ ერთი კონკრეტული პროცესი — საწარმოო ხაზი, სამზარეულო, საწყობი, შეფუთვის პროცესი ან ოფისი — და ერთი კვირის განმავლობაში დააკვირდით მას. აღრიცხეთ რამდენ რესურსს იყენებთ და რა ნაწილი გამოიყენება დანიშნულებისამებრ. ცალკე ჩაინიშნეთ ის, რაც დარჩა, გაფუჭდა, დაზიანდა  ან ნარჩენად იქცა.

შემდეგ მოძებნეთ მიზეზი, რაც შეიძლება იყოს: არამიზნობრივი შესყიდვა, არასწორი დაგეგმვა, ტექნიკური ხარვეზი, არასათანადო შენახვა, ზედმეტად დიდი პორცია თუ სხვა ფაქტორი? ბოლოს გამოთვალეთ დანაკარგის რეალური ღირებულება. მხოლოდ ნარჩენის გატანის საფასურს ნუ დაეყრდნობით — გაითვალისწინეთ თავად რესურსში გადახდილი თანხა და ის დამატებითი ხარჯიც, რომელიც მის ტრანსპორტირებას, შენახვას, დამუშავებასა და ნარჩენის მართვას დასჭირდა. ერთი შეხედვით მცირე დანაკარგიც კი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან ხარჯად შეიძლება დაგროვდეს.

 

შეიძლება თქვენი ნარჩენი სხვისთვის რესურსი იყოს?

ყველა დანაკარგის თავიდან აცილება შეუძლებელია, თუმცა დარჩენილი მასალა ყოველთვის ნარჩენი არ არის. ხის ნარჩენი, ტექსტილის ჩამონაჭრები, გამოყენებული შეფუთვა, ორგანული მასალა, სამშენებლო ნარჩენი ან წარმოების გვერდითი პროდუქტი ზოგ შემთხვევაში სხვა კომპანიისთვის საჭირო რესურსი შეიძლება აღმოჩნდეს. ამ მიდგომას ინდუსტრიული სიმბიოზი ეწოდება, როდესაც ერთი საწარმოს მიერ გამოუყენებელი მასალა ან გვერდითი პროდუქტი მეორე საწარმოს რესურსად იქცევა.  „როგორ მოვიშოროთ ეს ნარჩენი?“ ყოველთვის საუკეთესო კითხვა არ არის. ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანია ვიკითხოთ: შეიძლება ის, რაც ჩვენთვის ზედმეტია, სხვას სჭირდებოდეს?

 

ხუთი კითხვა, რომელიც ბიზნესმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას

  • რომელ რესურსში ვხარჯავთ ყველაზე მეტს და ვიცით თუ არა, მისი რა ნაწილი იკარგება?
  • რომელ დანაკარგს მივეჩვიეთ იმდენად, რომ მის მიზეზს აღარ ვიკვლევთ?
  • სად ვიხდით ორჯერ — ჯერ რესურსის შესაძენად და შემდეგ მის მოსაშორებლად?
  • რა გვაქვს საწყობში ისეთი, რაშიც ფული გადავიხადეთ, მაგრამ აღარ ვიყენებთ?
  • შეიძლება ჩვენი გამოუყენებელი მასალა სხვა ბიზნესისთვის საჭირო რესურსი იყოს?

ცირკულარული ეკონომიკა ყოველთვის დიდი ინვესტიციით ან ახალი ტექნოლოგიის შეძენით არ იწყება. ხშირად პირველი ნაბიჯი გაცილებით მარტივია — დავინახოთ, სად ვკარგავთ იმას, რაშიც ფული უკვე გადავიხადეთ. როდესაც ბიზნესი მასალების, ენერგიისა და სხვა რესურსების მოძრაობას ზომავს, დანაკარგიც ხილული ხდება. ხილული დანაკარგი კი უკვე მართვადი ხარჯია. სწორედ აქ შეიძლება გამოჩნდეს რესურსების უფრო მდგრადად მართვის, ხარჯების შემცირებისა და ახალი ბიზნესშესაძლებლობების ყველაზე პრაქტიკული გზები.

 

გამოყენებული წყაროები:

  • International Organization for Standardization (ISO) — ISO 14051:2011, Environmental management — Material flow cost accounting — General framework.
  • International Organization for Standardization (ISO) — ISO 14053:2021, Environmental management — Material flow cost accounting — Guidance for phased implementation in organizations.
  • WRAP / Champions 12.3 — The Business Case for Reducing Food Loss and Waste: Hotels.
  • World Resources Institute (WRI) / WRAP — ბიზნესქეისები საკვების დანაკარგისა და ნარჩენის შემცირების შესახებ.

 

შენიშვნა: პუბლიკაცია მომზადებულია საერთაშორისო წყაროებისა და პრაქტიკული ბიზნესმიდგომების საფუძველზე და ადაპტირებულია CERMA-ს მიერ ქართულენოვანი აუდიტორიისთვის.

პოსტის გაზიარება