შეიძლება თქვენი პროდუქტი მომსახურებად იქცეს?

კითხვები, რომლებიც ახალ ბიზნესშესაძლებლობაზე დაგაფიქრებთ
CERMA Knowledge Hub | პრაქტიკული რესურსი
ზოგჯერ მომხმარებელს თავად პროდუქტის ფლობა კი არა, ის შედეგი სჭირდება, რომელსაც ამ პროდუქტის გამოყენებით იღებს. ასეთ შემთხვევაში ბიზნესს შეიძლება გაუჩნდეს შესაძლებლობა, ერთჯერადი გაყიდვის ნაცვლად მომხმარებელს პროდუქტის გამოყენება, მომსახურება, შეკეთება ან განახლება შესთავაზოს.
ქვემოთ მოცემული კითხვები არ არის ტესტი და არ იძლევა მზა პასუხს. მათი მიზანია, საკუთარ პროდუქტს, მომხმარებელსა და შემოსავლის არსებულ მოდელს სხვა კუთხით შეხედოთ.
1. რას ყიდულობს სინამდვილეში თქვენი მომხმარებელი?
თქვენი მომხმარებლისთვის რამდენად მნიშვნელოვანია თავად პროდუქტის ფლობა? შესაძლოა მისთვის მთავარი იყოს არა მოწყობილობა, არამედ განათება, ბეჭდვა, გადაადგილება, კონკრეტული სამუშაოს შესრულება ან სხვა შედეგი, რომელსაც პროდუქტი უზრუნველყოფს.
დაფიქრდით: შეიძლება მომხმარებელმა იგივე შედეგი პროდუქტის შეძენის გარეშეც მიიღოს?
2. რა ხდება გაყიდვის შემდეგ?
თუ პროდუქტი საჭიროებს რეგულარულ მოვლას, შეკეთებას, ნაწილების შეცვლას ან განახლებას, ეს მომსახურებები შეიძლება თქვენი ბიზნესის დამატებით შესაძლებლობად იქცეს. ამ შემთხვევაში ერთჯერადი გაყიდვა მომხმარებელთან ურთიერთობის დასასრული აღარ არის.
დაფიქრდით: რომელი მომსახურება შეგიძლიათ შესთავაზოთ მომხმარებელს პროდუქტის ექსპლუატაციის პროცესში?
3. რამდენ ხანს ინარჩუნებს პროდუქტი ღირებულებას?
შეაფასეთ, რამდენად გამძლეა თქვენი პროდუქტი და რამდენად მარტივად შეიძლება მისი შეკეთება. შესაძლებელია თუ არა ცალკეული კომპონენტების შეცვლა, მისი განახლება ან აღდგენა? თუ პროდუქტი პირველი მომხმარებლის შემდეგაც გამოსადეგია, შესაძლოა მას კვლავ ჰქონდეს ეკონომიკური ღირებულება.
დაფიქრდით: შეგიძლიათ გამოყენებული პროდუქტი დაიბრუნოთ, აღადგინოთ და ხელახლა გამოიყენოთ, ან სხვა მომხმარებელს შესთავაზოთ?
4. შეიძლება ერთჯერადი გაყიდვა გრძელვადიან შემოსავლად იქცეს?
მომსახურებაზე დაფუძნებული მოდელი კომპანიას საშუალებას აძლევს, შემოსავალი მხოლოდ პროდუქტის გაყიდვისას კი არ მიიღოს, არამედ მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობა ჩამოაყალიბოს. ამის საფუძველი შეიძლება იყოს პროდუქტის გამოყენება, ტექნიკური მომსახურება, განახლება ან რამდენიმე მომსახურების ერთიან შეთავაზებად გაერთიანება.
დაფიქრდით: შეიძლება თქვენი პროდუქტის გარშემო ისეთი მომსახურება შეიქმნას, რომლისთვისაც მომხმარებელი რეგულარულად გადაიხდის?
5. რა შეიცვლება, თუ პროდუქტი თქვენი ზედამხელდველობის ქვეშ დარჩება?
როდესაც მიმწოდებელი პროდუქტის მუშაობაზე პასუხისმგებლობას ინარჩუნებს, მისთვის პროდუქტის გამძლეობა, შეკეთებადობა და ეფექტიანობა პირდაპირ ეკონომიკურ მნიშვნელობას იძენს. რაც უფრო დიდხანს და საიმედოდ მუშაობს პროდუქტი, მით ნაკლები შეიძლება იყოს მისი მომსახურებისა და ჩანაცვლების ხარჯიც.
დაფიქრდით: შეცვლიდა თუ არა პროდუქტის ხანგრძლივი გამოყენება და დაბრუნება თქვენს ხარჯებს, შემოსავლებს ან მომხმარებელთან ურთიერთობას?
კითხვიდან შესაძლებლობამდე
ამ კითხვებზე პასუხი ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ „პროდუქტი როგორც მომსახურება“ თქვენი ბიზნესისთვის სწორი არჩევანია. ამის დასადგენად საჭიროა მომხმარებლის მოთხოვნის, პროდუქტის გამოყენების ხარჯების, ტექნიკური მომსახურების, დაბრუნების შესაძლებლობისა და ფინანსური მოდელის დეტალური შეფასება.
თუმცა თუ ამ კითხვებმა თქვენი პროდუქტი ან არსებული გაყიდვის მოდელი სხვა კუთხით დაგანახათ, შესაძლოა სწორედ აქ იყოს შესაძლებლობა ახალი მომსახურების, გრძელვადიანი მომხმარებლის ურთიერთობის ან შემოსავლის ახალი წყაროს შესაქმნელად.
რას ყიდით დღეს — პროდუქტს თუ იმ ღირებულებას, რომელსაც ეს პროდუქტი მომხმარებლისთვის ქმნის?
CERMA ეხმარება კომპანიებს ცირკულარული ბიზნესშესაძლებლობების გამოვლენაში, შეფასებასა და პრაქტიკული ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებაში.
