სად კარგავს რესურსი ღირებულებას?

გაჰყევით ერთი რესურსის გზას თქვენს ბიზნესში
CERMA Knowledge Hub | პრაქტიკული რესურსი
ბიზნესში დანაკარგს ხშირად მხოლოდ მაშინ ვხედავთ, როდესაც მასალა უკვე გაფუჭდა, დაზიანდა, გამოუყენებელი დარჩა ან ნარჩენად იქცა. თუმცა ადგილი, სადაც დანაკარგია, ყოველთვის არ არის ადგილი, სადაც მისი მიზეზი წარმოიშვა.
მაგალითად, საწყობში ვადაგასული პროდუქტი შეიძლება ზედმეტი შესყიდვის შედეგი იყოს, წარმოებაში დარჩენილი მასალა — პროცესის არასწორი დაგეგმვის, ხოლო საკვების ნარჩენი — მომზადებული რაოდენობა ან პორციის ზომა.
1. აირჩიეთ ერთი რესურსი
მთელი ბიზნესის ერთდროულად შეფასებას ნუ შეეცდებით. დასაწყისისთვის აირჩიეთ ერთი კონკრეტული მასალა ან პროდუქტი, რომელსაც ხშირად იყენებთ ან რომლის დანაკარგსაც რეგულარულად ხედავთ.
ეს შეიძლება იყოს ნედლეული, საკვები პროდუქტი, შეფუთვა, სამშენებლო მასალა, სათადარიგო ნაწილი ან მზა პროდუქცია.
მაგალითად: არა „შეფუთვა“, არამედ კონკრეტული მუყაოს ყუთი; არა „საკვები“, არამედ პური; არა „ნედლეული“, არამედ ერთი კონკრეტული მასალა.
2. გაჰყევით მის სასიცოცხლო გზას
ჩამოწერეთ, რა ეტაპებს გადის არჩეული რესურსი თქვენს ბიზნესში. აღწერეთ რეალური პროცესი.
შესყიდვა → მიღება → შენახვა → დამუშავება / გამოყენება → გაყიდვა ან საბოლოო შედეგი
თქვენს ბიზნესში ეს გზა შეიძლება უფრო მოკლე ან უფრო მრავალფეროვანი იყოს. საჭიროების შემთხვევაში ჩართეთ ის თანამშრომლებიც, რომლებიც ამ რესურსთან ყოველდღიურად მუშაობენ — მათ ხშირად ყველაზე კარგად იციან სად ჩნდება შეფერხება, ზედმეტი მოხმარება ან დანაკარგი.
3. მონიშნეთ, სად ჩნდება დანაკარგი
თითოეულ ეტაპს ცალ-ცალკე შეხედეთ და მონიშნეთ, სად ვეღარ გამოიყენება რესურსის ნაწილი თავდაპირველი დანიშნულებით.
შესყიდვისას — საჭიროზე მეტი რაოდენობა შევიძინეთ;
მიღებისას — ნაწილი დაზიანებული ან მოთხოვნასთან შეუსაბამო აღმოჩნდა;
შენახვისას — პროდუქტი გაფუჭდა, ვადა გაუვიდა ან დაზიანდა;
წარმოების ან დამუშავებისას — წარმოიქმნა წუნი, ჩამონაჭერი ან გამოუყენებელი მასალა;
შეფუთვისას — გამოიყენება საჭიროზე მეტი მასალა;
გაყიდვისას — პროდუქტი ვერ გაიყიდა და მარაგად დარჩა.
ამ ეტაპზე პრობლემის გადაჭრას ჯერ ნუ შეეცდებით. უბრალოდ მონიშნეთ, სად ხედავთ დანაკარგს.
4. მოძებნეთ მიზეზი ერთი ნაბიჯით ადრე
დაუბრუნდით იმ ადგილს, სადაც დანაკარგი აღმოაჩინეთ და შეხედეთ წინა ეტაპსაც. ხშირად დანაკარგის მიზეზი იქ ჩნდება, სადაც თითქოს არაფერი ჩანს.
თუ პროდუქტი საწყობში გაფუჭდა, მიზეზი შეიძლება მხოლოდ შენახვის პირობები არ იყოს — შესაძლოა თავიდანვე საჭიროზე მეტი შევიძინეთ. თუ რესტორანში კონკრეტული კერძი ხშირად რჩება, მიზეზი შეიძლება იყოს პორციის ზომა, მომზადებული რაოდენობა ან მენიუს დაგეგმვა. თუ წარმოებაში მუდმივად რჩება ერთი და იგივე მასალის ჩამონაჭერი, მიზეზი შეიძლება თავად წარმოების პროცესში, პროდუქტის ზომებში ან მასალის გამოყენების დაგეგმვაში იყოს.
მთავარი პრინციპი
ადგილი, სადაც დანაკარგს ვხედავთ, ყოველთვის არ არის ადგილი, სადაც მისი მიზეზი წარმოიშვა.
5. განსაზღვრეთ ცვლილების წერტილი
როდესაც სავარაუდო მიზეზს იპოვით, ყურადღება მხოლოდ უკვე წარმოქმნილ დანაკარგზე ნუ გადაიტანთ. უფრო მნიშვნელოვანია განსაზღვროთ, რა შეიძლება შეიცვალოს პროცესის უფრო ადრეულ ეტაპზე, რომ დანაკარგი შემცირდეს ან საერთოდ არ წარმოიქმნას.
ცვლილება შეიძლება იყოს შესყიდვის რაოდენობის დაზუსტება, მარაგების უკეთ დაგეგმვა, შენახვის პირობების შეცვლა, წარმოების პროცესის მცირე კორექტირება, შეფუთვის რაოდენობის შემცირება ან დარჩენილი მასალის ხელახალი გამოყენება.
მიზანი არ არის ერთ დღეში მთელი პროცესის შეცვლა. პირველ ეტაპზე საკმარისია იპოვოთ ერთი კონკრეტული ადგილი, სადაც მცირე ცვლილებას რეალური შედეგის მოტანა შეუძლია.
როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ეს პრაქტიკაში?
რას ვხედავთ: საწყობში ყოველთვიურად გვრჩება ვადაგასული პროდუქტი.
სად ჩანს დანაკარგი: საწყობში.
ერთი ნაბიჯით უკან: რამდენი პროდუქტი შევიძინეთ და რის საფუძველზე განვსაზღვრეთ რაოდენობა?
რას აღმოვაჩენთ: შესყიდვის რაოდენობა რეგულარულად აღემატება რეალურ გაყიდვებს.
სად შეიძლება დაიწყოს ცვლილება: არა ნარჩენის გატანიდან, არამედ შესყიდვისა და მარაგების დაგეგმვიდან.
თუ ამ მარტივი დაკვირვების შედეგად ისეთი დანაკარგი აღმოაჩინეთ, რომლის მოცულობის, რეალური ღირებულების ან გამომწვევი მიზეზების შეფასება უფრო ღრმა ანალიზს მოითხოვს, ეს უკვე შემდეგი ეტაპია.
CERMA ეხმარება კომპანიებს რესურსების ნაკადებისა და დანაკარგების შეფასებაში, მათი გამომწვევი მიზეზების გამოვლენასა და რესურსების უფრო ეფექტიანი მართვის შესაძლებლობების განსაზღვრაში.
მეთოდოლოგიური საფუძველი
რესურსი მომზადებულია Value Stream Mapping-ისა და Material Flow Mapping-ის პრაქტიკული მიდგომების საფუძველზე და CERMA-ს მიერ ადაპტირებულია ბიზნესისთვის მარტივი პირველადი ანალიზის ფორმატში.
წყაროები: U.S. Environmental Protection Agency — Lean & Environment Toolkit: Value Stream Mapping; International Organization for Standardization — ISO 14051:2011, Material Flow Cost Accounting.
